სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, კესო კიკნაველიძემ, საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა, კესო კიკნაველიძემ, საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა - მან სტუდენტურ სამეცნიერო ნაშრომების კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა.


2026 წლის 23–24 აპრილს უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ნავთობისა და გაზის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონკურსი - „მენეჯმენტი, სოციალური და ქცევითი მეცნიერებები მდგრადი განვითარების პრინციპების განხორციელებაში“, რომლის დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა ონლაინ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.


კონფერენციის პროგრამა მოიცავდა პლენარულ სხდომებს, სექციურ განხილვებსა და შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წარმოედგინათ საკუთარი კვლევები, ჩართულიყვნენ დისკუსიებში და გაეზიარებინათ გამოცდილება საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებასთან.


კონკურსში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები, რომლებმაც წარადგინეს კვლევები თანამედროვე მენეჯმენტის, სოციალური მეცნიერებებისა და ეკონომიკური განვითარების აქტუალურ საკითხებზე. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, კესო კიკნაველიძეს, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირმა დიხამინჯია.


კესო კიკნაველიძის ნაშრომში აღნიშნულია, რომ მხოლოდ ტექნოლოგიური რესურსები ვერ უზრუნველყოფს წარმატებას, თუ ორგანიზაციული კულტურა არ უწყობს ხელს ინიციატივას, ექსპერიმენტსა და თანამშრომელთა აქტიურ ჩართულობას. კვლევის თანახმად, ინოვაციის განვითარების მთავარ ბარიერებად რჩება გადაწყვეტილებების ცენტრალიზაცია, შეცდომების შიში და სუსტი კომუნიკაცია ორგანიზაციის შიგნით.


ავტორი ამ გამოწვევების საპასუხოდ კორპორატიული კულტურის ტრანსფორმაციის მოდელს გვთავაზობს, რომელიც მოიცავს დეცენტრალიზაციას, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების გაძლიერებასა და მოქნილი სამუშაო გუნდების შექმნას.


კონკურსის ფარგლებში პროფესორ ირმა დიხამინჯიას გადაეცა მადლობის სერტიფიკატი გამარჯვებული სტუდენტის ხელმძღვანელობისთვის.


აღნიშნული წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ დონეზე. ხარისხიანი კვლევა და სწორად შერჩეული თემატიკა ქმნის საფუძველს საერთაშორისო აღიარებისთვის - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს აქტუალურ გამოწვევებს.

ფოტო გალერეა