სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა და სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპორიძემ.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება სკოლამდელი განათლების მიმართულებით. შეთანხმების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას.

მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ ბაგა-ბაღებში. აღნიშნული შესაძლებლობა სტუდენტებს მისცემს რეალურ სამუშაო გარემოში ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარების საშუალებას.

თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სკოლამდელი სექტორის განვითარების ხელშეწყობას - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგთა მომზადებასა და გადამზადებას სპეციალური ტრენინგ-მოდულების ფარგლებში, ასევე მათ ჩართულობას ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში.

მხარეები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სკოლამდელი განათლების სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ფოტო გალერეა