სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2026 წლის 8 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები.

კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში, სააქტო დარბაზში გაიხსნა. ღონისძიება გახსნა და მოდერაცია გაუწია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლია ახალაძემ, სსუ-ის რექტორის მოადგილემ რომეო გალდავამ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ეკა დადიანმა, სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჯალაღონიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა.

კონფერენცია პირისპირ და ონლაინ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით, მათ შორის: განათლების მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი განათლებაში, ქართული ფილოლოგია და ქართულის სწავლების მეთოდიკა, სამართლის მეცნიერებები, ისტორია და მხარეთმცოდნეობა, განათლების ფსიქოლოგია და სოციოლოგია, გეოგრაფია და ეკოლოგიური უსაფრთხოება.

სექციური მუშაობის ფარგლებში სტუდენტებმა და მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევები როგორც ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ისე სამართლის, განათლების, ეკოლოგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსიები.

კონფერენციის მიზანი იყო ახალგაზრდების სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა, აკადემიური კომუნიკაციის გაძლიერება და სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის კვლევითი გამოცდილების გაზიარება. 

ფოტო გალერეა