სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ყაზბეგის პიროვნებასა და ლიტერატურულ ღვაწლზე საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა


2026 წლის 14 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის II სასწავლო კორპუსში, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო - „ალექსანდრე ყაზბეგი - პიროვნება, ლიტერატურული ღვაწლი“. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარდგა ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი, რომელმაც ისაუბრა ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებით სამყაროზე, მის განსაკუთრებულ როლზე ქართული ლიტერატურის ისტორიაში, მწერლის ეროვნულ, სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებზე, ასევე იმ ეპოქალურ მნიშვნელობაზე, რომელსაც მისი შემოქმედება დღემდე ინარჩუნებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა ტურავა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო ვახანია. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე სტუდენტთა ჰუმანიტარული განათლების, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებისა და ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო მემკვიდრეობის გააზრების პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა - სტუდენტებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში, დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედების, მისი გმირების, ეპოქის კონტექსტისა და ქართული მწერლობის განვითარების პროცესში მისი მნიშვნელობის შესახებ.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებში ქართული ლიტერატურის კლასიკური მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავებას, ეროვნული კულტურისა და სულიერი ფასეულობების უკეთ გააზრებას, ასევე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი თემატიკის აკადემიურ სივრცეში წარმოჩენას.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტთა ინტელექტუალურ განვითარებას, ეროვნული მეხსიერების გაძლიერებასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

ფოტო გალერეა