ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფარცხმის საჯარო სკოლა მორიგი
ინოვაციური საგანმანათლებლო შეხვედრის მასპინძელი გახდა. 2026 წლის 30 მაისს სკოლას
პროექტი „მოძრავი STEAM ლაბორატორია - AI სკოლაში მოდის“ ეწვია და მოსწავლეებს ხელოვნური
ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკული გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
მობილური STEAM ლაბორატორიის ფარგლებში მოსწავლეები
ჩაერთნენ ინტერაქტიულ აქტივობებში, გაეცნენ AI-ის მუშაობის ძირითად პრინციპებს და იმ
ციფრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც თანამედროვე განათლებაში სულ უფრო დიდ როლს თამაშობს.
პროცესში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტებითა და კვლევით სწავლებაზე, სადაც
მოსწავლეები თავად მონაწილეობენ ცოდნის შექმნის პროცესში.
პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოსა და საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის - „დემოკრატია იწყება
სკოლაში“ - ფარგლებში. ინიციატივის საფუძველს წარმოადგენს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორ თეა ჯუღელსა და სსიპ წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის №3 საჯარო სკოლის
დირექტორ თეიმურაზ ჭაბუკიანს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა „თანატოლთა
შორის სწავლება“ (peer-to-peer learning), რომლის ფარგლებში გადამზადებული მოსწავლეები
თავად ასწავლიან თანატოლებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
ფარცხმის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა
და ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორი ნანა გულუა და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,
ქუთაისის №3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ხათუნა ფუტკარაძე. პროექტის ორგანიზებასა
და განხორციელებაში მონაწილეობდა ფაკულტეტის სტუდენტთა რეესტრის სპეციალისტი მანანა
ჯელაძე.
შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო STEAM კლუბის განვითარებასაც,
რაც სკოლაში ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიმართულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
პროექტში ჩართული არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ასევე ქუთაისის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მათი თანამშრომლობა ქმნის მოდელს, სადაც უნივერსიტეტი და სკოლა ერთობლივად ავრცელებენ
თანამედროვე ცოდნას რეგიონებში.
პროექტი „მოძრავი STEAM ლაბორატორია - AI სკოლაში მოდის“
მომავალშიც გააგრძელებს გასვლით შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა
ტექნოლოგიური განათლება კიდევ უფრო მეტ მოსწავლესთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
