2026 წლის 22 ივნისს, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს პლოვდივის უნივერსიტეტის პროფესორები - ბორისლავა პეტკოვა კოსტოვა, ლიუბკა პეტროვა ლიპჩევა-პრანდჟევა და ბოიან ბოგომილოვ კოსტოვი ეწვივნენ.
ბულგარელი სტუმრები შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პროფესორ დავით ჯალაღონიას. შეხვედრაზე აღინიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პლოვდივის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდება და ახალი საერთაშორისო ინიციატივების განხორციელების საფუძველს ქმნის.
პროფესორები ბორისლავა პეტკოვა კოსტოვა, ლიუბკა პეტროვა ლიპჩევა-პრანდჟევა და ბოიან ბოგომილოვ კოსტოვი ასევე შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას. საუბარი შეეხო ქართულ-ბულგარული ურთიერთობების განვითარებაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პლოვდივის უნივერსიტეტის მიერ შეტანილ წვლილს, ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
ბულგარელმა კოლეგებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია მათ მიერ განხორციელებული პროექტის - „თვალწარმტაცი ბულგარეთი (ლიტერატურული ატლასი)“ - შესახებ.
მხარეებმა განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ერთობლივი საქმიანობის შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბულგარული ენის სწავლებას, რომელსაც პლოვდივის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ივანა პეტკოვა უძღვება. აღნიშნული კურსი სტუდენტებს ბულგარული ენისა და კულტურის სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ უნივერსიტეტს შორის კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შედეგები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პლოვდივის უნივერსიტეტის თანამშრომლების - რობერტ მესხისა და ტილიო ტილევის - წვლილს ქართულ-ბულგარული ლიტერატურული კავშირების განმტკიცების საქმეში. მათი შემოქმედებითი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ურთიერთთარგმანები, რომლებიც შემდგომ წიგნად გამოიცა.
საუბარი შეეხო ქართულ-ბულგარული ურთიერთობების ამსახველი სამენოვანი ალბომის გამოცემასაც, რომლის მომზადების პროცესში პლოვდივის უნივერსიტეტის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. გამოცემა ორი ქვეყნის ისტორიული, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების მნიშვნელოვან დოკუმენტურ ასახვას წარმოადგენს.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა თანამშრომლობის განვითარების ახალი მიმართულებები და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს პარტნიორულ ურთიერთობებს ორ უნივერსიტეტს შორის.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პლოვდივის უნივერსიტეტთან Erasmus+ პროექტი დაფინანსდა, რაც სტუდენტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო მობილობის, პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
