სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება ცნობილი ქართველი არქეოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მედეა ნიორაძის გარდაცვალების შესახებ.
პროფესორი მედეა ნიორაძე იყო საქართველოს პრეისტორიისა და პალეოლითის კვლევის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, მრავალი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და დმანისის არქეოლოგიური კვლევების აქტიური მონაწილე. 1986 წლიდან ის იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ძველი ქვის ხანის არქეოლოგიის განყოფილების გამგე. ქალბატონი მედეა ნიორაძე მოღვაწეობდა საქრთველოს ეროვნულ მუზეუმში და მრავალი წლის განმავლობაში იყო ასევე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიური კომისიის მდივანი, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე.
მედეა ნიორაძე იყო ცნობილი არქეოლოგის, საქართველოში არქეოლგიის ფუძემდებლის, პროფესორ გიორგი ნიორაძის ქალიშვილი და ის ღირსეულად აგრძელებდა ქართული არქეოლოგიური სკოლის ტრადიციებს.
ქალბატონი მედეა მრავალი წლის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იგი აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიის მიმართულების განვითარებაში, ჩართული იყო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში და კითხულობდა სალექციო კურსებს სწავლების სამივე საფეხურზე. მისი პროფესიონალიზმი, პედაგოგიური ოსტატობა და სტუდენტებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება არაერთი ახალგაზრდა მეცნიერის პროფესიულ ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა პატივს მიაგებს პროფესორ მედეა ნიორაძის ნათელ ხსოვნას და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მოწაფეებსა და მთელ სამეცნიერო საზოგადოებას.
პროფესორ მედეა ნიორაძის სამეცნიერო და პედაგოგიური მემკვიდრეობა ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართული მეცნიერებისა და სოხუმის უნივერსიტეტის ისტორიაში.
არქეოლოგიის მიმართულების
ხელმძღვანელი, პროფესორი ჯონი აფაქიძე
