სიახლეები

აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

1)  რას სთავაზობს სამაგისტრო პროგრამა დაინტერესებულ პირებს და რატომ უნდა აირჩიონ სწორედ ეს პროგრამა?

აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტს სთავაზობს თანამედროვე აგროსასურსათო სფეროს შესახებ სპეციფიკური ცოდნისა და ამ სფეროში ბიზნესის მართვის კომპეტენციების უნიკალურ კომბინაციას. პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ აგრობიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული გაგება, არამედ ამ სფეროს რეალურ გარემოში ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღება, ორგანიზაციის განვითარება და საკუთარი კარიერული შესაძლებლობების გაფართოება.

პროგრამის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მისი სპეციალიზაცია აგრობიზნესის მენეჯმენტში. თანამედროვე აგროსასურსათო სექტორის განვითარება ქმნის კვალიფიციური მენეჯერული კადრების მზარდ საჭიროებას. ეს არის პროგრამა მათთვის, ვისაც სურს აგროსექტორი დაინახოს არა მხოლოდ როგორც წარმოების სფერო, არამედ როგორც თანამედროვე, კონკურენტული და ინოვაციებზე დაფუძნებული ბიზნესი და თავად გახდეს ამ პროცესის მმართველი.

პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი წელი პრაქტიკულ მენეჯერულ კომპეტენციებზეა ორიენტირებული, სადაც სტუდენტები შეისწავლიან თანამედროვე აგრობიზნესის გამოწვევებთან დაკავშირებულ ეკონომიკურ, ფინანსურ, მარკეტინგულ, სამართლებრივ და ოპერაციულ საკითხებს; დაეუფლებიან სტრატეგიული დაგეგმვის, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მართვის, რისკების შეფასების, ხარისხის მართვისა და ბიზნესის შედეგების გაუმჯობესების თანამედროვე ინსტრუმენტებს, პროფესიულ პრაქტიკაში მიღებული ცოდნა კი მათ დაეხმარება რეალური გადაწყვეტილებების მიღებაში.

პროგრამის მეორე წელი, რომელიც  მოიცავს კვლევით მიმართულებას, სტუდენტს მისცემს კვლევის თანამედროვე მეთოდების დაუფლებისა და გამოყენების,  აგროსექტორში და აგროსასურსათო ბაზრებზე მიმდინარე პროცესების კვლევისა და ანალიზის შესაძლებლობას.

2)   რა არის პროგრამის მთავარი უპირატესობები?

სპეციალიზაცია. სამაგისტრო პროგრამა უნიკალურია მისი სპეციალიზაციით. საქართველოში ანალოგიური სამაგისტრო პროგრამა არ არსებობს. იგი აერთიანებს აგროსასურსათო სექტორის სპეციფიკურ ცოდნას და თანამედროვე მენეჯმენტის ინსტრუმენტებს.

პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება. პროგრამა არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებით. პროფესიული პრაქტიკა და ინტეგრირებული ბიზნეს-პროექტი, სამაგისტრო ნაშრომთან ერთად, სტუდენტს  აძლევს შესაძლებლობას მიღებული ცოდნა რეალურ ბიზნესსიტუაციებში გამოიყენოს. კურსდამთავრებულისთვის პროგრამა იძლევა საშუალებას:

-    შეისწავლოს თანამედროვე აგრობიზნესის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ფინანსური, მარკეტინგული, სამართლებრივი, ოპერაციული და სტრატეგიული მნიშვნელობის გამოწვევები, რაც  აუცილებელია ბიზნესის პროცესების შეფასებისა და ეფექტიანი მართვისთვის ;

-    მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. სტატისტიკის, კვლევის მეთოდების, რისკების მართვისა და ბიზნესის შედეგების შეფასების შესწავლა სტუდენტს განუვითარებს ანალიტიკურ აზროვნებას და გადაწყვეტილებების დასაბუთებულად მიღების უნარს;

-    განავითაროს პრაქტიკული და კვლევითი შესაძლებლობა. აირჩიოს საკუთარი პროფესიული განვითარების მიმართულება: გაიღრმაოს პრაქტიკული მენეჯერული კომპეტენციები ან განავითაროს კვლევითი უნარები და მიიღოს ახალი ცოდნა აგრობიზნესის სფეროში;

-   შეძლოს კარიერული განვითარება და მეწარმეობა. პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ აგრობიზნესისა და აგროსასურსათო სექტორის სხვადასხვა მიმართულებით, დაიკავონ მენეჯერული პოზიციები, განავითარონ საკუთარი ბიზნესი ან გააგრძელონ კვლევითი საქმიანობა.

3) როგორია სწავლის საფასური და მოქმედებს თუ არა დაფინანსების ან სტიპენდიის შესაძლებლობა?

სტუდენტის სწავლა სრულად დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ.

4) რა სპეციალიზებულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს მიიღებს მაგისტრანტი?

აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა მაგისტრანტს მისცემს აგროსასურსათო სექტორის სიღრმისეულ ცოდნას და თანამედროვე ბიზნესის მართვის პრაქტიკულ უნარებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრანტი შეძლებს:

-  აგრობიზნესის გარემოს ანალიზს: შეაფასოს აგროსასურსათო ბაზრები, მათი ეკონომიკური, სავაჭრო და პოლიტიკური გარემო და გამოავლინოს ბიზნესზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები;

-  სტრატეგიულ მართვასა და ბიზნეს დაგეგმვას: შეიმუშაოს ბიზნესის განვითარების სტრატეგია, განსაზღვროს მიზნები და დაგეგმოს მათი მიღწევის გზები;

- ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას: მართოს ფინანსური რესურსები, გააანალიზოს ფინანსური ინფორმაცია და შეაფასოს ბიზნესგადაწყვეტილებების ფინანსური შედეგები;

-  მარკეტინგული საქმიანობის მართვას: დაგეგმოს და განახორციელოს აგროსასურსათო პროდუქციის მარკეტინგული სტრატეგიები;

-  ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვის მართვას: დაგეგმოს და გააუმჯობესოს წარმოებისა და სურსათის მიწოდების პროცესები, გაზარდოს რესურსების გამოყენების ეფექტიანობა;

-  რისკების იდენტიფიცირებასა და მართვას: შეაფასოს აგრობიზნესისთვის დამახასიათებელი რისკები და შეარჩიოს მათი შემცირებისა და დაზღვევის შესაბამისი მექანიზმები;

-   ხარისხისა და სტანდარტების მართვას: გამოიყენოს აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის მართვისა და სტანდარტიზაციის პრინციპები;

-   მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას: გამოიყენოს სტატისტიკური და კვლევის მეთოდები პრობლემების შესასწავლად, მონაცემების გასაანალიზებლად და მენეჯერული გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად;

-   ინოვაციური და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას: გამოავლინოს ახალი ბიზნესშესაძლებლობები, შეაფასოს ინოვაციური იდეები და დაგეგმოს მათი განხორციელება;

-    სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებას: აგროსამართლის ცოდნის საფუძველზე გაითვალისწინოს აგრობიზნესის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოდნა მხოლოდ თეორიულ დონეზე არ დარჩება. პროფესიული პრაქტიკა და ინტეგრირებული ბიზნესპროექტი მაგისტრანტს საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენოს, კომპლექსური ბიზნესპრობლემები გააანალიზოს და პრაქტიკული გადაწყვეტილებები შეიმუშაოს. ამასთან, კვლევითი მიმართულების არჩევის შემთხვევაში მაგისტრანტი განივითარებს კვლევის დაგეგმვის, მონაცემების ანალიზის, აგროსექტორის პრობლემების იდენტიფიცირებისა და კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების შემუშავების უნარებს.

5)  რა კვალიფიკაციას მიიღებს კურსდამთავრებული პროგრამის დასრულების შემდეგ?

პირველი ნაწილი - მაგისტრი აგრობიზნესის მენეჯმენტში/Máster of Agribusiness Management

მეორე ნაწილი - კვლევის მაგისტრი აგრობიზნესის მენეჯმენტიში/Research Master of Agribusiness Management

6)  სად და რა პოზიციებზე შეძლებს კურსდამთავრებული დასაქმებას?

აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა, დასაქმდეს აგროსასურსათო სექტორის სხვადასხვა რგოლში, კერძო კომპანიებში, ფერმერულ და კოოპერაციულ გაერთიანებებში, აგროსფეროსთან დაკავშირებულ საფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციებში, საჯარო და არასამთავრობო სექტორში, ასევე განავითაროს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა.

კვლევითი მიმართულების კურსდამთავრებულს დამატებით ექნება შესაძლებლობა გააგრძელოს საქმიანობა კვლევით და ანალიტიკურ სფეროში, მონაწილეობა მიიღოს აგროსექტორის კვლევით პროექტებში და განაგრძოს სწავლა დოქტორანტურის საფეხურზე.

მიღებული სპეციალიზებული ცოდნისა და მენეჯერული კომპეტენციების საფუძველზე მას შეუძლია დაიკავოს ისეთი პოზიციები, როგორიცაა:

-  აგრობიზნესის მენეჯერი / ბიზნესის განვითარების მენეჯერი;

-  ოპერაციების ან წარმოების მენეჯერი;

-  სურსათის მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის მენეჯერი;

-  მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი;

-   ფინანსური მენეჯერი ან ფინანსური ანალიტიკოსი;

-  რისკების მართვისა და დაზღვევის მიმართულების სპეციალისტი;

-  ხარისხის მართვისა და სტანდარტიზაციის სპეციალისტი;

-  ბიზნესის დაგეგმვისა და სტრატეგიული განვითარების სპეციალისტი;

-  აგრობიზნესის კონსულტანტი ან პროექტის მენეჯერი;

-  ბაზრისა და ბიზნესის ანალიტიკოსი;

-   აგროსექტორის მკვლევარი ან კვლევითი პროექტის სპეციალისტი.

კურსდამთავრებულის დასაქმების სფერო შეიძლება მოიცავდეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მწარმოებელ და გადამამუშავებელ კომპანიებს, სასურსათო ვაჭრობისა და დისტრიბუციის ბიზნესებს, აგროტექნოლოგიურ და საინოვაციო კომპანიებს, ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საკონსულტაციო კომპანიებს. პროგრამა ასევე ქმნის საფუძველს საკუთარი აგრობიზნესის წამოწყებისა და განვითარებისათვის, რადგან კურსდამთავრებული ფლობს ბიზნესის დაგეგმვის, ფინანსების, მარკეტინგის, ოპერაციების, რისკების მართვისა და მეწარმეობის ცოდნას.

7)  ექნება თუ არა მაგისტრანტს პრაქტიკის, სტაჟირების ან პროფესიულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა?

დიახ. სამაგისტრო პროგრამა მნიშვნელოვნად არის ორიენტირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. სწავლის პირველი წელი მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც მაგისტრანტს შესაძლებლობა ექნება მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოში გამოიყენოს. პროგრამა ითვალისწინებს პროფესიულ პრაქტიკას, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს გაეცნოს აგრობიზნესის რეალურ პროცესებს, იმუშაოს პრაქტიკულ ამოცანებზე, გააანალიზოს კონკრეტული ბიზნესის გამოწვევები და შეიმუშაოს მათი გადაჭრის გზები.

პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მაგისტრანტი შეძლებს განივითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა ბიზნესის პროცესების ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნესგეგმის შემუშავება, რისკების შეფასება, რესურსების მართვა და სტრატეგიული დაგეგმვა.

პროფესიულ პრაქტიკასა და პროექტებზე მუშაობა სტუდენტს ასევე მისცემს შესაძლებლობას, დაამყაროს პროფესიული კონტაქტები, უკეთ გაიცნოს შრომის ბაზრის მოთხოვნები და შეაფასოს საკუთარი კარიერული ინტერესები.

8)  რა როლი აქვს პროგრამაში კვლევით კომპონენტს და რა მიმართულებით შეძლებს მაგისტრანტი კვლევის განხორციელებას?

კვლევით კომპონენტს პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მისი მიზანია, მაგისტრანტს განუვითაროს კვლევითი და ანალიტიკური აზროვნება, მისცეს თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენების ცოდნა და შესაძლებლობა, აგრობიზნესის რეალური გამოწვევები მეცნიერულად შეისწავლოს და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები შეიმუშაოს. პროგრამის მეორე წელი სწორედ კვლევით მიმართულებაზეა ორიენტირებული. მაგისტრანტი შეისწავლის კვლევის თანამედროვე მეთოდებს, შეძლებს აგროსექტორის ბაზრისა და ბიზნესგარემოს კვლევას, მონაცემების ანალიზს, პრობლემების იდენტიფიცირებასა და კომპლექსური საკითხების შეფასებას.

კვლევის მიმართულებები შეიძლება მოიცავდეს:

- აგროსასურსათო ბაზრების, კონკურენციისა და მომხმარებელთა ქცევის კვლევას;

- სურსათის სისტემის მაკროეკონომიკური, სავაჭრო და პოლიტიკური გარემოს ანალიზს;

- აგრობიზნესის რისკების შეფასებასა და მართვას;

- აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის მართვასა და სტანდარტიზაციას;

- სურსათის მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობისა და მდგრადობის კვლევას;

- აგრობიზნესში ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარებას;

- აგროსექტორში ფინანსური და მენეჯერული გადაწყვეტილებების ეფექტიანობის შეფასებას;

- აგრობიზნესის კონკურენტუნარიანობისა და განვითარების შესაძლებლობების შესწავლას.

კვლევითი კომპონენტი მაგისტრანტს საშუალებას აძლევს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ პრობლემებთან დააკავშიროს და ამით გამოავლინოს კონკრეტული გამოწვევა, შეაგროვოს და გააანალიზოს შესაბამისი მონაცემები, ჩამოაყალიბოს კვლევის შედეგები და მათ საფუძველზე შეიმუშაოს პრაქტიკული რეკომენდაციები. კვლევითი მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად განახორციელოს კვლევა მისთვის საინტერესო აგრობიზნესის ან აგროსასურსათო სექტორის მიმართულებით. ამგვარად, პროგრამის კვლევითი კომპონენტი სტუდენტს ამზადებს არა მხოლოდ აკადემიური საქმიანობისთვის, არამედ აყალიბებს ისეთ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონაცემებისა და მტკიცებულებების საფუძველზე რთული ბიზნესპრობლემების გაანალიზება და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.

9) აქვს თუ არა პროგრამას გაცვლითი პროგრამები და სხვა საერთაშორისო შესაძლებლობები?

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საერთაშორისო აკადემიური მობილობისა და გაცვლითი პროგრამებით, მათ შორის Erasmus+ პროგრამით; სწავლის პერიოდში მიიღოს საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაეცნოს უცხოური უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პრაქტიკას და გაიფართოოს პროფესიული და აკადემიური ხედვა.

აგრობიზნესის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტისთვის საერთაშორისო გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აგროსასურსათო სექტორი სულ უფრო მეტად არის დაკავშირებული საერთაშორისო ვაჭრობასთან, გლობალურ სასურსათო სისტემებთან, ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან, ინოვაციებთან და მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომებთან.

საერთაშორისო მობილობის გარდა, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებებში, კონფერენციებსა და კვლევით აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ განვითარებას.

პროგრამის საერთაშორისო შესაძლებლობები ავსებს პროგრამის პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტებს, იძლევა აგრობიზნესის ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკების შედარების შესაძლებლობას,

10) ვის შეუძლია პროგრამაზე ჩაბარება და რა წინაპირობებია განსაზღვრული?

ბაკალავრის ხარისხის მქონე ნებისმიერი სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს საერთო სამაგისტრო  გამოცდა, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას უცხო ენაში (ინგლისური) – B2 დონე (პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური), ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამით მინიჭებული აქვს ინგლისური ენის ფილოლოგის კვალიფიკაცია თავისუფლდება აღნიშნული ტესტისგან); ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას აგრობიზნესის მენეჯმენტის საფუძვლებში; ასევე, მობილობის წესით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ან სხვა უმაღლესი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, რომლებიც მობილობის წესით გადმოვლენ აღნიშნულ პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; პროგრამის მეორე ნაწილის - კვლევის მაგისტრი აგრობიზნესის მენეჯმენტში/Research Master of Agribusiness Management წინაპირობაა - პროგრამის პირველი ნაწილი - მაგისტრი აგრობიზნესის მენეჯმენტში/Máster of Agribusiness Management

11) ვისთვის არის ეს სამაგისტრო პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო?

აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე აგროსასურსათო სექტორის გამოწვევებთან დაკავშირებული სპეციფიკური ცოდნისა და მენეჯერული კომპეტენციების ერთიანად მიღება და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

პროგრამა განკუთვნილია:

-   აგრობიზნესისა და აგროსასურსათო სექტორის მოქმედი მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ პროფესიული ცოდნის გაღრმავება და კარიერული წინსვლა;

-    ფერმერებისა და აგრობიზნესის მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ბიზნესის უფრო ეფექტიანად მართვა და განვითარება;

-   ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით განათლების მქონე პირებისთვის, რომელთაც სურთ სპეციალიზაცია აგრობიზნესში;

-   აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი, გადამმუშავებელი, დისტრიბუტორი და სავაჭრო კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომელთაც მენეჯერული კომპეტენციების გაძლიერება სურთ;

-   საფინანსო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მუშაობენ აგრობიზნესთან დაკავშირებულ ფინანსურ პროდუქტებზე, რისკებსა და პროექტებზე;

-  საჯარო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან, სურსათის სისტემებთან, ეკონომიკურ პოლიტიკასთან ან აგრობიზნესის განვითარებასთან;

-  მათთვის, ვისაც სურს აგროსექტორში საკუთარი ბიზნესის დაწყება ან ახალი სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება;

-  კვლევით საქმიანობაში დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც სურთ აგრობიზნესის, აგროსასურსათო ბაზრებისა და სასურსათო სისტემების კვლევა და შემდგომი აკადემიური განვითარება.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს აგრობიზნესი დაინახოს ფართო პერსპექტივით - წარმოებიდან, ფინანსებიდან და მარკეტინგიდან დაწყებული, მიწოდების ჯაჭვით, საერთაშორისო ვაჭრობით, ხარისხით, რისკებითა და სტრატეგიული მართვით დამთავრებული.

თუ გსურთ არა მხოლოდ იცოდეთ აგრობიზნესის შესახებ, არამედ შეძლოთ მისი ეფექტიანად მართვა, განვითარება და კვლევა, ეს პროგრამა თქვენთვისაა.

12)  რამდენი ადგილია გამოყოფილი პროგრამაზე?

აგრობიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამისთვის გამოყოფილია 15 ადგილი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სრულად იქნება დაფინანსებული.

 

 

ფოტო გალერეა