2026 წელის 16 ნოემბერს სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პედაგოგიკის
მეცნიერებათა დოქტორის,
დალი ჭედიას
უნიკალური გამოცემის
- „აფხაზ-ქართველთა
ფოტომატიანის“
პრეზენტაცია. ღონისძიებამ ერთ
სივრცეში შეკრიბა
აკადემიური წრეების,
სამეცნიერო საზოგადოებისა და კულტურის სფეროს
წარმომადგენლები.
ღონისძიება
მისასალმებელი სიტყვით
გახსნა სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანმა, მარინა
ტურავამ. პრეზენტაციას
მოდერაციას უწევდა
ისტორიის დოქტორი,
სსუ-ის
კვლევებისა და
განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლია ახალაძე.
შეკრებილ
საზოგადოებას სიტყვით
მიმართეს და
წიგნის სამეცნიერო
თუ საზოგადოებრივ მნიშვნელობაზე ისაუბრეს: საქართველოს
პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკის გენერალურმა
დირექტორმა - კონსტანტინე გამსახურდიამ,
საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა გონელი
არახამიამ, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა
გიორგი ანჩაბაძემ
და სსუ-ის ისტორიის
დოქტორმა, ასოცირებულმა
პროფესორმა ბეჟან
ხორავამ. შეხვედრის
ბოლოს დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით
მიმართა თავად
წიგნის ავტორმა,
დალი ჭედიამ.
წიგნი
„აფხაზ-ქართველთა
ფოტომატიანე“ წარმოადგენს
XIX-XX საუკუნეების 200-ზე მეტი
უნიკალური ფოტოსგან
შემდგარ ალბომს,
რომელიც თვალსაჩინოდ
ასახავს ქართულ-აფხაზურ ისტორიასა
და მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს. ფოტომასალასთან ერთად
წარმოდგენილი ოჯახური
ისტორიები აცოცხლებს
შარვაშიძეების, ანჩაბაძეების,
ემხვარების, მარშანიებისა
და სხვა
გამოჩენილი საგვარეულოების წარმომადგენელთა ბიოგრაფიებს. ნაშრომი
ნათლად მოგვითხრობს
ქართველებისა და
აფხაზების ნათესაურ
კავშირებზე, ტრადიციულ
მეგობრობასა და
ერთობლივ სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე.
აღსანიშნავია,
რომ ალბომი
ორენოვანი გამოცემაა
და თითოეულ
ფოტოს შესაბამისი
ინფორმაციული ტექსტი
ახლავს თან.
აღნიშნული ფორმატი
წიგნს თანაბრად
ხელმისაწვდომსა და
საინტერესოს ხდის
როგორც ადგილობრივი,
ისე უცხოელი
მკითხველისთვის, ასევე
იმ მკვლევრებისთვის, რომლებიც ქართულ-აფხაზური
ურთიერთობების შესწავლით
არიან დაინტერესებულნი.
