სიახლეები

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდამ ჩემს გულშია“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – მისი აღმატებულება, ბატონი დიეგო კოლასი – თანმხლებ პირებთან ერთად ესტუმრა. 

მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლეს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა ნინო თოფურიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ.

სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, გაეცვნენ ბიბლიოთეკაში არსებულ ფრანგულ ლიტერატურას და საჩუქრად ახალი წიგნებიც გადასცეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ფრანგულ კულტურულ და საგანმანათლებლო  ურთიერთობებს. ბატონმა ზურაბმა სტუმრებს გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსი, ხაზი გაუსვა საქართველოს სახელოვან ისტორიას, სადაც განვითარებულმა არაერთმა მოვლენამ, ფაქტმა, შეიძლება ითქვას, სათავე დაუდოს შემდგომ საუკუნეებში ევროპაში განვითარებულ პროცესებს და მაგალითად მოიყვანა დავით აღმაშენებლის ეპოქა, სადაც ევროპის წარმომადგენლებთან ერთად, ფაქტობრივად, მოხდა კოალიციის შექმნა და სამხედრო ურთიერთდახმარების გაწევა, რაც ჩვენს ეპოქაში NATO-ს ხელშეკრულების საყოველთაოდ ცნობილ მე-5 მუხლშია გაწერილი; რექტორი შეეხო თამარ მეფის ოქროს ხანას და „დარბაზის“, როგორც პარლამენტის იდეას.  

საპასუხო სიტყვაში ბატონმა ელჩმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ ასეთი მდიდარი ისტორიული წარსულისა და უნიკალური კულტურის მქონე საქართველოში უწევს დიპლომატიური მისიის შესრულება. მან სრულად გაიზიარა მოსაზრებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ერთიანობისა და არაღიარების პოლიტიკის შესახებ. ამ საქმეში მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იდეა საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ. ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქ 2019 წლის სექტემბერში გამართული „ბალტიის ჯაჭვის“ დროს გაიცნო. „მას მერე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდამ ჩემს გულშია“, – ბრძანა ბატონმა დიეგომ.

ელჩმა გამოხატა მეგობრობისა და თანადგომის სურვილი, აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი მართლაც არის ის ადგილი, სადაც საუნივერსიტეტო დიპლომატია უნდა განვითარდეს.

შედგა შეთანხმება, რომ რექტორ ზ. ხონელიძის მიერ მომზადებული მონოგრაფია საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ, რომელიც მალე იხილავს მზის შუქს, ითარგმნება ფრანგულადაც. ამასთანავე, დაიბადა იდეა ქართულ-ფრანგული საერთაშორისო ონლაინ-კონფერენციის ჩატარებისა თემაზე: საუნივერისტეტო დიპლომატია, როგორც მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა“.

ბატონმა დ. კოლასმა, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფრანგულ-გერმანულ საერთაშორისო პროექტში ჩართვა შესთავაზა. ამასთანავე, უნივერსიტეტში გაიხსნება ქალბატონ რუსუდან გაჩავას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი.

ფოტო გალერეა