სიახლეები

ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის სახელობითი აუდიტორია გაიხსნა

2021 წლის 16 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე გაიხსნა რევაზ  აბსავას სახელობის აუდიტორია.

პროფესორი რ. აბსავა წლების მანძილზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გახლდათ. მან სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის სტაჟიორ-მკვლევარად 1983 წელს დაიწყო. ბატონი რეზოს სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი ელიზბარ ნადარაია. 2003 წელს პროფესორ რ. აბსავას მორიგი სამეცნიერო ნაშრომი უნდა დაეცვა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თუმცა, დაცვა ვერ შედგა მკვლევარის მოულოდნეული გარდაცვალების გამო. სადოქტორო საბჭოს ხელმძღვანელის, აკადემიკოს გურამ ხარატიშვილის მოთხოვნით, 2004 წლის 22 ოქტომბერს მოხდა ნაშრომის დაცვა, რომლის მომხსენებელიც იყო ბატონი რევაზის კონსულტანტი, აკადემიკოსი ელიზბარ ნადარაია და გარდაცვალების შემდეგ ბატონ რევაზ აბსავას ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. საქართველოში ის იყო  ერთადერთი მათემატიკოსი, როდესაც მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მისი ნაშრომის დაცვა და სამეცნიერო ხარისხის მინიჭება.

სახელობითი აუდიტორიის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ფაკულტეტის პროფესორები და თანამშრომლები, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მოწვეული სტუმრები, მეგობრები და ოჯახის წევრები.

მისასალმებელი სიტყვით საღამო გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც რ. აბსავას საქმიანობის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ისაუბრა ბატონი რევაზის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის დამსახურებაზე, როგორც მეცნიერზე, პედაგოგსა და ადამიანზე ვრცლად ისაუბრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებული პროფესორმა ნესტან კეკელიამ.

ბატონი რევაზი თბილად გაიხსენეს პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ; ბატონი რეზოს სტუდენტმა, ამჟამად კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო თოფურიძემ; პროფესორმა მელორ ალფენიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა მზევინარ ფაცაციამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელი­შვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ, თანამშრომლებმა, მეგობრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

ფოტო გალერეა