სიახლეები

პოლონელი მეცნიერები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2021 წლის 8 და 9 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს Erasmus+-ის პროექტის Staff Mobility for Training ფაგლებში კალიშის უნივერსიტეტის (პოლონეთი) წარმომადგენლები ესტუმრნენ: ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების, სტუდენტთა საქმეებისა და განათლების განვითარების საკითხებში, პროფესორი ტატიანა მანასტერსკა და კვლევისა და იმპლემენტაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი დზიუბეკ ირენიუსი.

 სტუმრები შეხვდნენ რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, რომელმაც მათ ჩვენი უნივერსიტეტის მისიისა და საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ ესაუბრა. ამ დიპლომატიურ-აკადემიურმა ნოვაციამ პოლონელი მეცნიერების დაინტერესება გამოიწვია და მათ გამოთქვეს სურვილი, რათა პოლონურ ენაზე ითარგმნოს დასახელებულ საკითხთან დაკავშირებული ბატონ ზურაბ ხონელიძის ახალი მონოგრაფია. როგორც ქალბატონმა ტ. მანასტერსკამ და ბატონმა დზ. ირენიუსმა აღნიშნეს, მათი უნივერსიტეტი მზად არის პოლონეთში საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება მოახდინოს.

 – დღეს ჩვენთან პოლონელი კოლეგები სტუმრობენ. პოლონურ უნივერსიტეტებთან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირები აქვს დამყარებული, რაც მყარი საფუძველია ჩვენი აკადემიური და ადმინისტრაციული განვითარებისა. მაგრამ, აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ სწავლება ცალმხრივი პროცესი არაა და მხოლოდ ჩვენ არ ვსწავლობთ უცხოელი კოლეგებისაგან. მინდა დაგარწმუნოთ, ისინიც სწავლობენ ჩვენგან, რადგან აქ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გვაქვს ის სამეცნიერო კაპიტალი, რომლის გაზიარებასაც ესწრაფვიან და დღევანდელი სტუმრობაც ამის ნათელი მაგალითია, – აღნიშნა რექტორმა ზ. ხონელიძემ.

 პოლონელი მეცნიერები უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ, გააცნეს მათი უმაღლესი სასწავლებლის ისტორია, მისია, მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები. პრეზენტაციის შემდგომ კალიშის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტისა და ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანებთან, სადაც  მომავალი სამუშაო პროექტები და გეგმები განიხილეს.

 სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არაერთ პოლონურ უმაღლეს სასწავლებელთან აქვს მჭიდრო სამეცნიერო და პედაგოგიური კონტაქტები დამყარებული. ამიერიდან მათ რიგს კალიშის უნივერსიტეტიც შეემატა. 

კალიშის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი მოამზადა და ორგანიზება გაუწია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურმა (უფროსი: პროფესორი ინდირა ძაგანია).

ფოტო გალერეა