news

საჩუქარი ლატვიელი მეგობრებისგან

2021 წლის 21 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩვენი ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, მისი აღმატებულება, ქალბატონი ინგრიდა ლევრენცე ესტუმრა.

სტუმარმა პროფესორ ზურაბ ხონელიძეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით არჩევა მიულოცა:
– თქვენს ხელახალ არჩევას ჩვენს არჩევადაც მივიჩნევთ. გვიხარია, რომ უნივერსიტეტმა ამგვარი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამით ხაზი გაუსვა იმ საქმის მნიშვნელობას, რომელიც თქვენი რექტორობის პირველ ვადაში წამოიწყეთ. მე თქვენი სახით დიდი მეგობარი მეგულება საქართველოში და მუდამ სიამოვნებით მოვდივარ სტუმრად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, – აღნიშნა ი. ლევრენცემ.

რექტორმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ ელჩს ამ გულთბილი მეგობრობისა და დამოკიდებულებისათვის.

ქალბატონმა ინგრიდამ და ბატონმა ზურაბმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ჩვენი უნივერსიტეტის ლატვიელი მეგობრებისაგან გამოგზავნილი ძვირფასი საჩუქრები – წიგნები რიგიდან, რომელიც სსუ-ში არსებულ ლატვიის აუდიტორიაში დაიდებს ბინას.

აღსანიშნავია, რომ ამ აუდიტორიის გახსნისა და ახალი წიგნების (ინგლისურ და ლატვიურ ენებზე) გამოგზავნის ინიციატორია სოხუმის უნივერსიტეტის მეგობარი, ერთ-ერთი უძველესი ევროპული ბიბლიოთეკის (დაარსებულია 1524 წელს) – ლატვიისაკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი, ქალბატონი ვენტა კოცერე. ღირსების ორდენის კავალერი, ქალბატონი ვენტა 17 წელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გულშემატკივრობს. ის მუდამ მზადაა ჩვენს სასწავლებლისადმი მხარში ამოსადგომად.

ლატვიის აკადემიური ბიბლიოთეკაში მისი ინიციატივით შექმნილია „ქართული საინფორმაციო ცენტრი“, რომელიც ლატვიაში ქართველთა თავშეყრის ადგილად იქცა.

Photo gallery