2023
წლის 25 იანვარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის, პროფ. ზურაბ ხონელიძის
ინიციატივით საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა
- თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის
დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი
ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით, ფორუმი ინტერდისციპლინარული
ჩატარდა და პლენარული სექციის გარდა, რომელიც
პირადად კათოლიკოს - პატრიარქს და მის მოღვაწეობას დაეთმო, შედგა ხუთი დარგობრივი სექცია:
ისტორიისა და ეთნოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის, განათლების
მეცნიერებების, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის, საბუნებისმეტყველო მეცნიერების, მათემატიკისა და სტატისტიკის და ეკოლოგიიის სექციები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები აფხაზეთის უზენაესი საბჭოს
წარმომადგენლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, სამშვიდობო განათლების ცენტრის, ალტე უნივერსიტეტის,
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის
ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს ფიზიკური
აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ.
ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის მოღვაწეობაზე.
რექტორმა აღნიშნა: „მოგეხსენებათ, ქრისტიანულ
ლიტერატურაში, გავრცელებულია თქმულება საქართველოს
ღვთისმშობლის წილხვედრობის შესახებ. ქართველები, ვერწმუნებით მას, როგორც ჭეშმარიტების
ფაქტს. პირველი საუკუნიდან მოყოლებული, ქრისტიანობას
აღვიქვამთ არა მხოლოდ აღმსარებლობად, არამედ ქართველ ერთან, მიწასა და მშობლიურ ენასთან ერთად, ჩვენი ისტორიული ერთობის, პოლიტიკური ერთიანობისა და ქართული იდენტობის საფუძვლად,
სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის განმსაზღვრელ ფაქტორად.
გლობალური ფუნქციის მატარებელი უძველესი ქრისტიანული
ქვეყანა - საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს გეოპოლიტიკურ კვანძს, რომელიც
არ ივიწყებს წმინდა მამების სწავლებას - „თუ სხეულს სულს არ დაუმონებ, მაშინ იგი დაუმონებს
შენს სულს ეშმაკს" და სამართლიანად მიიჩნევს, რომ მას განგებით ევრაზიის კარიბჭის,
ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციასთან ერთად მართლმადიდებელი სამყაროს
ერთიანობის გამტკიცების სულიერი მისიაც ერგო. მის აღსრულებასა და ქართული ეკლესიის,
როგორც ინსტიტუციის, ერთიანობის შენარჩუნებაში
განუზომლად დიდია ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის ღვაწლი.
საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში იშვიათია
პიროვნება, რომელსაც ამდენი ხანი ემოღვაწეოს. ეპოქა, რომელშიც მის უწმინდესობასა და
ნაწილობრივ ჩვენც მოგვიწია ცხოვრება, იყო რთული და წინააღმდეგობრივი, ეგზისტენციალური
კრიზისის, ძველი სტერეოტიპების რღვევის, ღირებულებათა გადაფასების, გაუცხოების ეპოქა,
სადაც კიდევ უფრო გაძლიერდა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, საბჭოური ერთა თანასწორობის
დეკლარირებული ლოზუნგი შეიცვალა ერთა „დაახლოების“ ლოზუნგით, იმპერია მასობრივი ათეიზმისა
და კომუნიზმის მშენებლობაში ჩაერთო, ადამიანი
დაშორდა ღმერთს, დაუპირისპირდა და აუმხედრდა მის ავტორიტეტსა და ძალაუფლებას, რამაც
გამოიწვია ადამიანური ყოფიერების დეკადანსი და დეგრადაცია.
არ არსებობს ჩიხური მდგომარეობა, არსებობს ჩიხური
აზროვნება, რომელსაც მივყავართ ჩიხურ მდგომარეობამდე. მსოფლიო მოაზროვნენი მიხვდნენ,
რომ ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი ღმერთის წიაღში დაბრუნებაა, რაც ზედმიწევნით
ჰგავს უძღები შვილის დაბრუნებას მამის ოჯახში, ასე ხატოვნად და სიღრმისეულად რომ გვიწინასწარმეტყველა
მაცხოვარმა, ჯერ კიდევ 2 ათასი წლის წინათ.
ასეთ ვითარებაში ახალგაზრდა ირაკლი შიოლაშვილის
სურვილი, მომავალი ცხოვრება მიეძღვნა ეკლესიისათვის, მისი თაობის უმრავლესობისათვის
გაუგებარი იყო. მოსკოვის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დამთავრების შემდეგ,
1960 წლიდან, მღვდელ-მონაზონი ილია (შიოლაშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
სამსახურშია. მან სრულიად ახალგაზარდამ, 1963 წელს, ჩაიბარა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია,
როგორც მღვდელმთავარმა. პატრიარქ ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით, უხელმძღვანელა მცხეთის ახალდაარსებულ სასულიერო სემინარიას, ხოლო 1967 წლიდან 10 წლის
განმავლობაში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას. ძველი თაობის სოხუმელებს: ქართველებს, აფხაზებს,
უკრაინელებს, რუსებს, ბერძნებს კარგად ახსოვთ ახალგაზრდა ინტელექტუალი მღვდელმთავარი, რომელიც ქადაგებდა: „მშვიდობასა და კაცთაშორის
სათნოებას,“ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა
არა მხოლოდ აფხაზეთის ა/რ-ში, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში. ამ წლებში, როგორც
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, სამშვიდობო
მისიით იმოგზაურა აშშ-ში, ინდოეთში, ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. 1977 წლის
23 დეკემბერს თბილისში გამართულმა XII საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში
ინტრონიზაციის დროს, ახლადარჩეულმა პატრიარქმა ამ სიტყვებით მიმართა ერს: „მე შეგნებული
მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ
დამაკისრა მაღალმა ღერთმა“... 45 წელია ამ
შეგნებით ემსახურება მისი უწმინდესობა თავის სამწყსოს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა: 1. დაამსხვრია გაუცხოების ხელოვნური
კედელი, რომელიც ეკლესიასა და მრევლს შორის არსებობდა; 2. ააღორძინა გაუქმებული ეკლესია-მონასტრები,
ეპარქიები, დააფუძნა თბილისის და აღადგინა გელათის სასულიერო აკადემიები, დააფუძნა
გელთის მეცნიერებათა აკადემია; 3. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია იმას,
რომ მართლმადიდებელ ეკლესიებს, უპირველესად,
კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, 1990 წლის 4 მარტს, ეღიარებინა საქართველოს
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია; 4. ააღორძინა საეკლესიო
ხუროთმოძღვრება, ქართული გალობა, ხატწერა, ააშენა არაერთი საკათედრო ტაძარი და
უპირველესად, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელსაც თავადვე XX საუკუნის
ქართველი ერის პასპორტი უწოდა; 5. მოაწესრიგა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
ურთიერთობა, რაც დაგვირგვინდა 2002 წლის 14 ოქტომბრის კონსტიტუციური შეთანხმებით.
თუ 1976 წლამდე ჩვენს ქვეყანას მხოლოდ რუსეთის,
ბულგრეთისა და სომხეთის ეკლესიის მეთაურები სტუმრობდნენ, 1977 წლიდან დღემდე საქართველოს
ეკლესიის სტუმრები იყვნენ კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის,
ათენისა და ელადის, სერბეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, რუსეთის
ეკლესიის მეთაურები, რომის პაპები: იოანე პავლე II და ფრანცისკე. საოცარი იყო პაპ ფრანცისკეს
შეფასება: „ყოველი შეხვედრა პატრიარქ ილიასთან მარწმუნებდა, რომ მე ღვთისკაცი ვიპოვე“, საგულისხმოა ამიერკავკასიის მუსლიმანთა სასულიერო
მმართველობის თავმჯდომარის შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადეს სიტყვები: „მე ჩემი ოჯახის
წევრები ჩამოვიყვანე, რათა თქვენ დალოცოთ, როგორც წმინდა ადამიანმა.“ ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია: აკადემიური საბჭოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები
და სტუდენტები, კონსტანტინოპოლში (სტამბოლში), კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა
და მსოფლიო პატრიარქის, ბართოლომეო I-სადმი მიძღვნილ საუნივერსიტეტო ღონისძიებაზე,
გავხდით მოწმენი, თუ როგორი სიყვარულითა და მოწიწებით მოიხსენიებს მისი ყოვლადუწმინდესობა
საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბართოლომეოსის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „ერთი სახელმწიფო,
ერთი ეკლესია, ერთი პატრიარქი,“ რაც ჩვენი პატრიარქის აღიარებული, შეუვალი ავტორიტეტისა
და მრავალწლიანი მოღვაწეობის ნაყოფს წარმოადგენს. აღნიშნული და სხვა არაერთი დამსახურების მიუხედავად,
თავმდაბლობიდან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი თავისი მოღვაწეობის
უმთავრეს მიღწევად შვიდგზის ლოცვის დაწესებას მიიჩნევს. მართლაც, ძნელია, თანამედროვე
ადამიანმა გამუდმებული ლოცვის რეჟიმში იცხოვროს, თუმცა შესაძლებელი. ილია მეორემ თავის
პატრიარქობას სიმბოლურად „მზიანი ღამე“ უწოდა. ეს ოქსიმორონი ყველაზე ზუსტად გამოხატავს,
ერთი მხრივ, დროის, მეორე მხრივ, რწმენისა და სიყვარულის ნიშანს.
ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი ბრძანებს:
„სულიერება ხალხში თავდაპირველად გზას იკვლევს ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით,
შემდეგ ეს ნიჭი ეფინება მთელ ერს და აღამაღლებს მას; ამიტომაც პიროვნების როლი ქვეყნის
ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. არსებობენ ღვთის ნიშნით გამორჩეული ადამიანები, რომლებიც
სიყვარულსა და სათნოებას სთესავენ. ისინი ქმნიან, აშენებენ, თვითონ იწვიან, სხვას კი
გზას უნათებენ.“ თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ბრძანდებით ის პიროვნება, რომელიც სანთელივით
იწვება და სულიერ გზას უნათებს ქართველ ერს. დღეს, წინააღმდეგობით აღსავსე სამყაროში,
როცა მულტივექტორული მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრად გარდაიქმნა და მიმდინარეობს რეგიონული
დაქსელვა, თქვენ კაცობრიობის ეროვნული და
პოლიტიკური იდენტობის ფორმირებაში განსაკუთრებული დატვირთვა შესძინეთ ქრისტიანობას,
მის როლს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მეტიც, მართლმადიდებელი ეკლესია
პოლიტიკური ფუნქციის მქონე მნიშვნელოვან აქტორად და ქრისტიანული ღირებულებები პოლიტიკური
კონსოლიდაციის ხელშემწყობ ფაქტორად აქციეთ, რამაც რელიგიის ერთგვარი რენესანსიც გამოიწვია.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეული პროფესორისთვის,
სტუდენტისთვის, დევნილთათვის, ძალზე ძვირფასია ერის სულიერი მამა, მისი მზრუნველობა,
რომელიც, არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, 2010 წლის დეკემბრიდან, კვლავ ჩაუდგა სათავეში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას და განსაკუთრებით
მფარველობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას. მჯერა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და თქვენი - ჩვენი
საერთო ძალისხმევით, დავუბრუნდებით აღქმულ მიწას, წმინდა ანდრია პირველწოდებულის,
მატათასა და სვიმონ კანანელის მეოხება დაგვეხმარება ამაში.
აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო პირადი ურთიერთობებიდან
ერთ-ერთი ფაქტი, როცა ჩემ წინააღმდეგ მოწყობილი ავტოავარიის შემდეგ, რომელსაც სასწაულებრივად
გადავურჩი, ვეწვიე პატრიარქს, რომელმაც მითხრა, უფალმა გადაგარჩინა, შენ განსაკუთრებული
მისია გაქვსო. ეს მისია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბედისწერით ნაკარნახევი ის ახალი სამშვიდობო ფუნქციაა, რომელიც ჩემი ცხოვრების
მთავარ გამოწვევად მექცა, განსაკუთრებით რთულ მომენტებში სწორედ პატრიარქის კურთხევა
მაძლიერებს. მისი უწმინდესობა ყველა ქართველის,
თითოეული ჩვენგანის პატრიარქია, რომელიც მოგვიწოდებს: „ვიბრძოლოთ ჩვენი გმირი წინაპრების
მსგავსად, რათა საკუთარ თავში და ჩვენ გარშემო დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო.“
მისი უწმინდესობისათვის ამ ქვეყნის ჩვენი დედა სამშობლოს მოქალაქე, ყოველი ჩვენგანი
მნიშვნელოვანი და ღირებულია, ჩვენი წილი საქართველოს გადარჩენა კი ქვეყნის გადარჩენის
ტოლფასი.
დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებს, მართლმადიდებელ
ქრისტიანებსა და მთლიანად, საქართველოს შვილებს ღმერთმა არ მოგვიშალოს ჩვენი პატრიარქის
ლოცვა-კურთხევა და დარიგებანი, რომლებიც გზას გვიკაფავენ ურთულესი და დრამატული ეპოქის ლაბირინთებში.
ჩვენი უნივერსიტეტისათვის განსაკუთრებულად ძვირფასია საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, რომელიც პატრიარქის
2014 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულებით გადაეცა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. დღეს, საგანგებო
კონფერენციის მიძღვნით, დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ
სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა
და უნეტარესის, ილია II-ის დაბადების 90-ე და პატრიარქად აღსაყდრების 45-ე წლისთავს.
ღმერთი იყოს ჩვენი პატრიარქის, თითოეული ჩვენგანისა და სრულიად საქართველოს მფარველი!“.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ:
მეუფე ანანია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის
წევრი, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი;
მეუფე სტეფანე, თეოლოგიის დოქტორი, ჭყონდიდის,
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის წევრი, ახალგაზრდობის სულიერი
და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გამახარია - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,
თეოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა
და სემინარიის რექტორი.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს კათოლიკოს
პატრიარქისადმი მიძღვნილი კონფერენცია მასშტაბურად აღნიშნა, და ეკლესიის ისტორიის მკვლევრებთან
ერთად მის მუშაობაში ჩართულია სხვადასხვა დარგის
მეცნიერები. მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ
ისაუბრა პატრიარქის ღვაწლსა და დამსახურებაზე საქართველოს ეკლესიისა და მრევლის
წინაშე უმძიმეს საბჭოთა წლებში, შემდეგ პოსტსაბჭოთა ეპოქასა და თანამედროვე ეტაპზე:
ვლოცულობთ, რათა მომდევნო იუბილე სოხუმში აღვნიშნოთ, რამეთუ ილია II, არამარტო კათოლიკოს
- პატრიარქი, არამედ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიცაა და საქართველოს ეს უძველესი მხარე
მის პირად საწმყსოში შედის. მიტროპოლიტმა სტეფანემ ისაუბრა „რუსეთის ერთმორწმუნეობის“
პოლიტიკის შედეგებზე საქართველოში, რომლის გამო ათიათასობით ქართველი გამოდევნილი იქნა
აფხაზეთიდან და შიდა ქართლის მთიანეთიდან.
რუსეთმა გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით დაარღვია წმინდა სამების წინაშე დადებული
ფიცი და აღთქმა, დაუპირისპირდა საქართველოს - ღმრთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, რომლის
დაუშვებლობის შესახებ, იმპერიულ ძალებს, ჯერ კიდევ, XVII-XVIII სს. მოღვაწეები აფრთხილებდნენ. მეუფემ მადლიერება გამოთქვა უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. ზურაბ ხონელიძის
მიმართ, რომელმაც ახლებურად დაანახა ქართულ საზოგადოებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობა და
მისია. საეკლესიო პირებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს რექტორს, ასეთი მასშტაბური და წარმომადგენლობითი
კონფერენციის ჩატარების გამო.
აქტიური სამეცნიერო დისკუსია გაიმართა პლენარული და დარგობრივი სექციების მუშაობის დროს, რომელშიც 50-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა. კონფერენციის შემაჯამებელ სხდომაზე აღინიშნა მომხსენებელთა მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სიახლეებისა და ინოვაციების შესახებ, რის საფუძველზეც გადაწყდა კონფერენციის მასალების გამოცემა.
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური