სიახლეები

„სსუ-90“ – მრგვალი მაგიდა „საქართველო და უკრაინა: საერთო ევროპული არჩევანი“

2022 წლის თებერვალში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 90 წლისთავი შესრულდა. ჩვენი უნივერსიტეტი მეორე კლასიკური უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში და პირველი – დასავლეთ საქართველოში. ბუნებრივია, ამ თარიღთან დაკავშირებით, დაგეგმილი იყო სხვადასხვა აქტივობები, მაგრამ მოძმე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანმა აგრესიამ არსებული დღის წესრიგი შეცვალა.

რექტორ ზ. ხონელიძის ინიციატივით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90-ე წლისთავის ეგიდით, 2022 წ. 10 მაისს გაიმართა მრგვალი მაგიდა „საქართველო და უკრაინა: საერთო ევროპული არჩევანი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უკრაინის 50-მდე უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა: რექტორებმა, პრორექტორებმა, დირექტორებმა, პროფესორებმა.

შეხვედრა უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების აჟღერებით დაიწყო.

 

– ძვირფასო მეგობრებო, ვსარგებლობ შემთხვევით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მსურს დაგიდასტუროთ, ჩემი გულწრფელი პატივისცემა. მივესალმები ჩვენს ერთად ყოფნას და რაც მთავარია სურვილს ერთად ყოფნის. ჩვენ სურვილი გვქონდა საზეიმოდ აღგვენიშნა უნივერსიტეტის იუბილე, მაგრამ უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ ჩვენს გეგმებში კორექტივის შეტანა გვაიძულა და მთლიანად ვერგებით იმ დღის წესრიგს, რომელიც თქვენს ქვეყანაშია შექმნილი, – სტუმრებს უკრაინულ ენაზე მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზ. ხონელიძე. – ჩვენ, რომელმაც ყოველივე ეს გადავიტანეთ, სხვანაირად მოქცევა არც შეგვეძლო. მოგეხსენებათ, ნებისმიერ მოვლენას მათ შორის განსაცდელსაც, როგორც მედალს ორი მხარე აქვს. უკრაინის ტრაგიკულმა პროცესებმა ზოგადად იდეოლოგიზირებულმა პოლიტიკამ, გეოპოლიტიკაზე მიმდინარე გარდაქმნამ შეცვალა არა მხოლოდ თქვენი – ჩვენი მოძმე ერის, უკრაინელი ხალხის არამედ სრულიად ცივილიზებული სამყაროს მათ შორის საქართველოს ცხოვრების წესი. ფაქტია, ნებისმიერი კრიზისი შეიძლება კურთხევად იქცეს ადამიანის, ერის, ქვეყნისთვის, რადგან ყველა კრიზისი აჩენს წინსვლის შესაძლებლობას, ის ვინც მას დაძლევს იმარჯვებს საკუთარ თავზე, საკუთარი თავის დამარცხების გარეშე. მჯერა რომ, ამ გამარჯვებას იმსახურებს უპირველესად უკრაინელი ხალხი. მეგობრებო, ჩვენი ბედის თანაზიარობიდან გამომდინარე ვიტყვი რომ, თქვენი, ჩვენი პრობლემა მართალია მრავალმხრივია მაგრამ, ძირითადად მსოფლმხედველობით ხასიათს ატარებს. ვფიქრობ, აუცილებელია ფილოსოფიური ცვლილება, ღრმა სტრატეგიული აზროვნება, გამყარებული საღი ინტელექტუალური არგუმენტებით. ეს ერთგვარი ინტელექტუალური რწმენაა რომელიც, გააჩენს ინტელექტუალურ ნდობას რეალური ღირებულებებისადმი და აქედან გამომდინარე ამ ღირებულებების მატარებელ ადამიანსა და საზოგადოებებს შორის. უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ იმ ევროპულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რომელზეც დგას ცივილიზებული სამყარო. ეს არის: I. თავისუფლება, რომლის დასაცავად ასე ღირსეულად იბრძვით; II. სამართალი ანუ სამართლიანობა, რომლის აღდგენასაც ასე ღირსეულად ცდილობთ; III. სიყვარული, უპირველეს ყოვლისა სამშობლოსადმი რაც გვაერთიანებს თქვენ უკრაინელ ხალხს და ჩვენ ქართველ ერს გვაკავშირებს ერთმანეთთან;

სწორედ, სამშობლოს მსახურების უკრაინელი ხალხისადმი – ქართული სახელმწიფოს ერთგულების და ევრო ოპტიმიზმით გაჯერებულ ჩვენს დღევანდელ შეხვედრას მხოლოდ მსგავს კონტექსტში განვიხილავ. როგორც, საქართველოს სულიერი მამა ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა „ხმებს კი არ უნდა ითვლიდნენ არამედ უნდა წონიდნენო“. გულწრფელად გეტყვით, რომ თითოეული თქვენთაგანი ემსახურებით რა მაღალ იდეალებს და ხართ ერის სამსახურში, ისე რომ სხვა ერებს არ ვნებთ, თქვენი ხმა არ არის ერთის განმსაზღვრელი თქვენი ხმა იწონება და თითოეული ერთზე მეტ განზომილებას წარმოადგენს და რეალურად თვისობრიობად იქეცით.

 მართალია, გიწევთ ცხოვრება უსამართლო რთულ დროში, მაგრამ ვხედავ რომ დრომ ვერაფერი დაგაკლოთ, პირიქით, გაქციათ იმ ძლიერ ადამიანებად რომლებსაც ხელეწიფებათ შექმნან უკეთესი დრო მშობლიური უკრაინისათვის. თქვენი შემხედვარე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რთული დრო ქმნის ძლიერ ადამინებს და ამ ძლიერ ადამიანებს მოყავთ კარგი დრო. კოლეგებო, მეგობრებო, არსებული მდგომარეობა და პრობლემების თქვენეული ანალიზი გვიბიძგებს, სტატუს-კვოს მიუღებლობისკენ. გამოსავალი, მიმართული მულტი ეთნიკური უკრაინული სახელმწიფოს ორგანული მთლიანობისა და სივრცე-გარემოს აღდგენაში უნდა ვეძებოთ (საომარი მოქმედებების შემდგომ) საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების საფუძველში, დემოკრატის მთავარ ინსტრუმენტში – განათლებაში. წარმოვადგენთ რა, უნივერსიტეტს ვიცით რომ იდეა – უნივერსიტეტი, დაიბადა შუა საუკუნეებში და იგი თავის თავში მოიცავდა ისეთ ძირითად პრინციპებს როგორიცაა: თავისუფლება, სეკულარიზმი, დემოკრატია, ტოლერანტობა, შემოქმედებითი აზროვნება და სხვა.. სწორედ, მათ გარშემო მოხდა ევროპული ცნობიერების და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება. მისი კარდინალური ტრანსფორმაცია და ჰუმანიზაცია.

ამასთან გვესმის რომ, უნივერსიტეტის მისია არ შემოიფარგლება, მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქციით. იგი როგორც ერის კულტურისა და სოციალური ცხოვრების ეპიცენტრი უნდა განიცდიდეს მოდერნიზაციას და გადაიქცეს ჩამოყალიბდეს პლატფორმად, სადაც არა მხოლოდ აქტიურად უნდა განიხილებოდეს მწვავე საზოგადოებრივი და პოლიტიკური თემები, არამედ გვთავაზობდეს მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მოგეხსენებათ, ნებისმიერი საგანმანათლებლო მოდელი იშვა კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში. ფაქტია, რომ დღეს უნივერსიტეტი როგორც, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სამჭედლო, პროგრესის და ცივილიზაციის სინონიმი. საუნივერსიტეტო იდეა და განსაკუთრებით კი როგორც, უნივერსიტეტი – უნივერსალური მოდელი ვერ ამართლებს თავის დანიშნულებას, ამის დადასტურებაა ის პრობლემები რომელიც, ასე მრავლად არის ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში. შეიძლება ითქვას, საუნივერსიტეტო იდეა განიცდის კრიზისს, მიზეზი – მართალია ჩვენი წარმოდგენა ზოგადად უნივერსიტეტის შესახებ როგორც ფენომენის არ არის გადაჭარბებული მაგრამ ფაქტია უნივერსიტეტი ჩამორჩა დროს – ცვლილების პროდუქტს, მისი ადეკვატურობისა და სიცოცხლისუნარიანობის დასადასტურებლად კი აუცილებელია ახალი კონცეფცია, რომელიც უნივერსიტეტს შესძენს ახალ სიცოცხლეს და აქცევს მას სამშვიდობო პროცესების ეპიცენტრად. სწორედ ამ სიახლეს, უნივერსიტეტის ახალ მისიას გთავაზობთ თქვენ, ჩვენს პარტნიორებს და საზოგადოებას ქართული სახელმწიფოს ბედის თანაზიარი, პოლიტიკის მსხვერპლი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სსუ მშვიდობის ახალი პარადიგმის „საუნივერსიტეტო დიპლომატის“ სახით. აღნიშნული სიახლე გულისხმობს, უნივერსიტეტმა თეორიიდან გადადგას კონკრეტული ნაბიჯი ქმედებისაკენ და თავის სივრცეში ჩამოაყალიბოს, მშვიდობის სწავლებისა და მშვიდობის მშენებლობის თვისობრივად ახალი ფორმატი. ჩამოაყალიბოს ის ახალი ხედვა, რომელიც რეალურად კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკურ ველს შეავსებს საუნივერსიტეტო ველით და მოახდენს სამშვიდობო პროცესში ჩართული ყველა სუბიექტის, შეზღუდული რესურსებისა და დიპლომატის არსებული სახეობების გაერთიანებას ერთი მიზნის ქვეშ. რეალურად მოემსახურება კონფლიქტს და არა პირიქით – მოიმსახურებს მას, როგორც დღემდე. მეგობრებო, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მზად ვარ თქვენთან ერთად შევქმნათ განსხვავებული დიალოგის საგანმანათლებო პლათფორმა, ჩავნიშნოთ კონფერენცია და გაგაცნოთ ჩვენი მონოგრაფიული ნაშრომი აღნიშნულ საკითხზე, თუნდაც პრეზენტაციის სახით, დეტალურად ვიმსჯელოთ, ახალი გლობალური ინოვაციური ხედვის შესახებ, რაც უდავოდ მოემსახურება მშვიდობასა და ჩვენი ქვეყნების უკეთეს მომავალს. დასასრულს მინდა გისურვოთ – ღმერთი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს, შეგვეწიოს ჩვენ და ჩვენს ყველა კეთილ წამოწყებას.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინელი კოლეგები, რომლებიც ამჟამად საკმაოდ არაორდინალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, მადლიერებით შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წინადადებას და აქტიურად ჩაერთვნენ ღონისძიებაში. ეს იყო მათი მხრიდან იმ მადლიერების გამოხატულება, რასაც უკრაინისათვის საქართველოს სახელმწიფო, ხალხი, ზოგადად, და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ, აკეთებს:

 

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 24 თებერვლიდან მოყოლებული განუწყვეტლივ ხდება უკრაინის და უკრაინელი ხალხის დახმარებას კერძოდ:

26 თებერვალს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მლნ ლარი გამოიყო, ხოლო

27 თებერვალს უკვე 1 მილიონი ლარის ღირებულების 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში. ამის შემდგომ, დამატებით 1 მლნ ლარი გამოიყო სარეზერვო ფონდიდან და კიდევ 300 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა;

საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე; ოფიციალურმა თბილისმა თანასპონსორობა გაუწია გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ; მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების შესახებ; ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაზე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე პასუხის აუცილებლობას; მიუერთდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ერთობლივ განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ; გაერო-ს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე საგანგებო სესიაზე საქართველოს წარმომადგენელმა გააკეთა ეროვნული განცხადება და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან; 24 მარტს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“. აღნიშნული რეზოლუცია წარდგენილ იქნა უკრაინისა და ქვეყნების ჯგუფის (საქართველოს ჩათვლით) თანასპონსორობით.

აღსანიშნავია რომ საქართველოს საკონსულოები და საელჩოები, საომარი მოქმედებების მიუხედავად, ადგილზე დარჩნენ და უწყვეტ რეჟიმში ახდენენ მუშაობას: კიევში, დონეცკში, ოდესასა და ლვოვში. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან და მათვის სწავლა სრულიად უფასოა; პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულ ენოვანი სექტორის გახსნა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც იმთავითვე მხარდაჭერა და თანადგომა გამოუხატა მეგობარ უკრაინას და ჩვენი უნივერსიტეტის უკრაინელ პარტნიორებს.


უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე უშუალოდ დაუკავშირდა მის მეგობარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში, ბატონ გიორგი ზაქარაშვილს, რომლისგანაც მიიღო ამომწურავი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებისა და იმ ჰუმანიტარული საჭიროებების შესახებ, რომელიც უკრაინას, პირველ რიგში, დღის წესრიგში ედგა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომელშიც დაგმო რუსეთის ფედერაციის აგრესიული მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ (https://www.sou.edu.ge/news/soxumis-saxelmwifo-universiteti-ukrainisTvis/943?fbclid=IwAR3qPgqNJF8utNT8KgWuS1gLb_0ZzPbumh7qDAhyJQt0l3UCrE-lYdrRnGY) . დადგენილების ტექსტი უკრაინის საელჩოს გადაეცა, რომელმაც გამოყო საკონტაქტო პირი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთობებისათვის. ამდენად, უკრიანის დიპლომატიურ მისიას მუდმივი ინფორმაცია ჰქონდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების შესახებ.

 

7 მარტს კი უნივერსიტეტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაც (https://www.facebook.com/SokhumiStateUniversity/posts/5226263054085384) , რომელიც ერთი თვის თავზე, 2022 წლის 7 აპრილს, დასრულდა. შეგროვდა 40-მდე ყუთი (ჰიგიენის საშუალებები, არა მალფუჭებადი საკვები, ტანსაცმელი და სხვ.), რომელიც უკრაინაში გაიგზავნა (https://www.sou.edu.ge/news/ukrainaSi-humanitaruli-daxmareba-gaigzavna/961) . ამასთან, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა (ფულადი გადარიცხვები) სსუ-ს აკადემიური პერსონალისა და თანამშრომელთა მიერ ინდივიდუალურადაც ხდებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ სსუ შეუერთდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას უკრაინელილტოლვილი აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის უსასყიდლოდ ჩარიცხვისა და სწავლების გაგრძელების შესახებ (https://www.sou.edu.ge/news/soxumis-saxelmwifo-universitetis-SeTavazeba-ukrainidan-ltolvil-studentebsa-da-abiturientebs/952?fbclid=IwAR1TEC9SyCEe_hFrz-rYTfLqYlNqYkD1MH5MVhGfMP-npBxhrJLVvjHQQWs) . ამის საფუძველზე უკრაინის რამდენიმე მოქალაქემ უკვე მიმართა შესაბამისი თხოვნით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რაზეც მათ კომპეტენტური კონსულტაცია გაეწიათ.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს უკრაინელ თანატოლთა მხარდაჭერის მშვიდობიანი აქცია (https://www.facebook.com/100064100472182/videos/653954625844776) .

 

უკრაინის საკითხი იყო ის ძირითადი პრობლემა, რომელზედაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან სასაუბროდ და სამსჯელოდ შეიკრიბნენ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამშვიდობო პროცესში ჩართული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ( https://www.sou.edu.ge/news/Sexvedra-arasamTavrobo-organizaciis-warmomadgenlebTan/950?fbclid=IwAR2SWIVlqoUhDTo34JossLSYMkaH6YNNzB4l5QE8ar-1Sg8moPQEeDMMPUo) .

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი თანაორგანიზატორია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა – „უკრაინა – საქართველო: კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგი“ – კიევის მ. პ. დრაგომანოვის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტთან, თსუ-სა და ილიაუნთან ერთად. მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმი ამა წლის 25-26 მაისს გაიმართება ონლაინ-ფორმატში (https://www.sou.edu.ge/news/gancxadeba-/953?fbclid=IwAR0tTFohETbMnGM_0RuDw7WEPdSUO8fL3tB7_AJBpYUG8ly2Q1jF9Lhn0LA ) .

 

– ჩვენ მადლობას გიხდით თქვენ, რომ უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვან იუბილეს ჩვენთან ერთად აღნიშნავთ, – თქვა დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ირინა მატიაშმა. – ჩვენ გულითადად ვაფასებთ, რასაც უკრაინისათვის ქართველი ხალხი, საქართველოს სახელმწიფო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკეთებს. ვფიქრობ, უნდა დავგეგმოთ და გავააქტიუროთ ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებები, რომ შევძლოთ ჩვენი საერთო სიმართლის გაზიარება იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ რუსული პროპაგანდის ტყვეობის ქვეშაა.

 

უჟჰოროდის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ვოლოდიმირ სმოლენკამ აღნიშნა: შეიძლება, ჩვენ ტერიტორიულად შორს ვართ ერთმანეთისაგან, მაგრამ გვაახლოებს საერთო ხედვა, მიზნები, ამოცანები. მეც მადლობას გიხდით ყველაფრისათვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს თქვენი უნივერსიტეტი, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ მას დიდი მნიშვნელობა გააცნია არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ, გადაუჭარბებლად ვიტყვი, – მთელი მსოფლიოსათვის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან დიდი პრობლემები გაიარეთ, როცა სოხუმის დატოვება მოგიწიათ, მაინც შესძელით და ერთ-ერთ ლიდერ სასწავლებლად იქეცით. ვფიქრობ, უკრაინის უმაღლესი სასწავლებლებისათვის თქვენი ეს გამოცდილება ფრიად მნიშვნელოვანი იქნება და ამასთან დაკავშირებით, გელოდებით ჩვენთან. კიდევ ერთხელ გილოცავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეს!

 

– ბატონო რექტორო, ვინიცის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით გილოცავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90-ე წლისთავს, ­– აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა ვიქტორ ბილიჩენკომ. – თქვენ აღნიშნეთ, რომ იგეგმებოდა უნივერსიტეტის იუბილეს საზეიმო აღნიშვნა, მაგრამ მისი შეცვლა მოგიწიათ. ბატონო ზურაბ, მალე მოვა საუკუნოვანი იუბილე და დარწმუნებული ვარ, სოხუმში მას ერთობლივად ვიზეიმებთ.

 

– მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა, – თქვა ქ. ოსტროჰის ეროვნული უნივერსიტეტის „ოსტროჰ აკადემიას“ პრორექტორმა, პროფესორმა დმიტრო შევჩუკმა. – ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სწორედ ერთგული მეგობარი გვყავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სახით. ყველა ის მცდელობა, რასაც თქვენ ეწევით ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მერწმუნეთ, სრულფასოვნადაა დაფასებული. აი, ამიტომაც იმსახურებენ ჩვენი ქვეყნები ევროპის თანამეგობრობის სრულფასოვან წევრობას.

 

ასევე სიტყვით გამოვიდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ინდირა ძაგანია, რექტორის კონსულტანტი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე, სსუ-ს სამშვიდობო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან გერაძე, პროფესორი ლარისა თაკალანძე, ფილოლოგიის დოქტორი ზოია ადამია, ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის დოცენტი ვოლოდიმირ დუბოვიკი, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი სვეტლანა ესტერეევა, ბორის გრინჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის პროფესორი ოლექსანდერ ცვეტკოვი. გამოითქვა მოსაზრება, რომ აუცილებელია უკრაინულ ენაზე ითარგმნოს ზ. ხონელიძის მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ და ამ თემაზე გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია.

 

დასასრულს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგებს მრგვალი მაგიდის მონაწილეებს:

– გმადლობთ, რომ იმ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, როდესაც თქვენი ნათესავები, კოლეგები, სტუდენტები იარაღით ხელში იცავენ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას, თქვენ გამონახეთ დრო, შემოგვიერთდით და მოგვილოცეთ იუბილე. გმადლობთ იმისათვის, რომ შესანიშნავად გესმით ჩვენი უნივერსიტეტის მნიშვნელობა. ამასთან ერთად, ამ მძიმე პერიოდში გესმით უნივერსიტეტისა და განათლების მნიშვნელობა, რაც უმთავრესი ქვაკუთხედია მშვიდობისათვის. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინა მტკიცედ დგას ფეხზე, უკრაინას არ გამტყდარა და ეს ქვეყანა გაიმარჯვებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ერთ ბედში ვართ. განწირულნი ვართ ერთად ყოფნისათვის. ასე კიდევ უფრო გავაძლიერებთ ერთმანეთს, გავამაგრებთ. ჩვენ ველოდებით თქვენს წინადადებებს, კიდევ რით დაგეხმაროთ, რა გავაკეთოთ, რომ ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა.

 

ფოტო გალერეა